გურია საქართველოს ყველაზე პატარა რეგიონია. აქ არ შეხვდებით მნიშვნელობის მქონე ღირსშესანიშნავ ან ისტორიულად ღირებულ ადგილებს, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველწლიურად მსოფლიოს ყველა კუთხიდან უამრავი მოგზაური ჩამოდის გურიაში. ამაში „დამნაშავეა“ სამი ცნობილი კურორტი: საზღვაო კუროტრი ურეკი თავისი უნიკალური სამკურნალო შავი ქვიშით; სამთოკლიმატური ბახმარო, სადაც ძალიან დიდი ხანია წარმატებით მკურნალობენ ფილტვის დაავადებებს; და ნაბეღლავი, რომლის მინერალური წყალიც არათუ ადგილს არ უთმობს, არამედ ხანდახან საკუთარი თვისებებით ბორჯომის ცნობილ წყალზე უპირატესიც კი. ერთი სიტყვით, გურია არის ნამდვილად სამკურნალო მხარე, სადაც ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანისთვის მზად არიან დასახმარებლად.
აი, მაგალითისთვის ავიღოთ ურეკი. შავი ქვიშის პლაჟები მსოფლიოს ბევრ კუთხეში გვხვდება, მაგრამ ისეთ პლაჟს, როგორიც ურეკშია ვერსად შეხვდებით. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აქაური ქვიშა მაგნიტიზირებულია 70%-ით. ეს ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის და საკმაოდ საზიანოა მობილური ტელეფონებისთვისა და სხვა ტექნიკისთვის. იგივე მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანისთვის სასარგებლო შედეგის მოსატანად, აუცილებელია ადამიანი ჩაეფლოს მაგნიტის ქვიშაში ერთი საათით მაინც. აი, მობილური ტელეფონისთვის ზიანის მისაყენებლად კი ქვიშაში ჩავარდნაც კი საკმარისია. ერთი სიტყვით, ურეკში დასვენებისას აჯობებს მობილური ტელეფონები პლაჟზე თან არ ატაროთ. სხვათა შორის, აქაური ზღვის წყალი სუფთაა, თუმცა შავი ქვიშის გამო ცოტათი მღვრიედ გამოიყურება. პლაჟს გარს არტყამს ფიჭვის ტყე, რის გამოც ურეკში ჰაერი ძალიან სუფთაა.
რას წარმოადგენს ურეკი, როგორც კურორტი? ინფრასტრუქტურას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ურეკი ვერ შეედრება აჭარის ქალაქებსა და დასახლებებს. ურეკს ქვიშისა და ზღვაში მოსახერხებელი შესასვლელის გამო ყველაზე ხშირად ბავშვიანი ოჯახები ირჩევენ, რის გამოც აქ ახალგაზრდული გართობა პრაქტიკულად იშვიათი ხილია. ყველა გასართობი სეზონურია და სექტემბრისთვის უმეტესობა იხურება. თუმცა, პროგრესი ერთ ადგილას არ დგას, ურეკი ყოველწლიურად უმჯობესდება, შენდება სანაპირო, ეწყობა პარკები... ასე რომ ამ ადგილის მომავალი საკმაოდ იმედიანად გამოიყურება. სხვათა შორის, სულ ახლოს, ურეკიდან ორიოდე კილომეტრში მდებარეობს დიდი გასართობი პარკი, მის უკან კი ცნობილი Black Sea Arena, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, Scorpions, კრისტინა აგილერა და სხვები სიამოვნებით გამოდიან.
გურიის სამთო კურორტებზე ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით უარეს მდგომარეობას შევხვდებით, ვიდრე ურეკში. ნაბეღლავში ამჟამად არ არის არც სასტუმროები, არც პანსიონატები და ეს ადგილი მხოლოდ დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის არის საინტერესო. ბახმარომ, იმის მიუხედავად რომ აქ არის რამდენიმე სასტუმრო, ცივილიზირებული დასვენების მოყვარულებში მაინც გაოცება შეიძლება გამოიწვიოს. მიზეზი არის ის, რომ აქ ადამიანები მთელი წლის განმავლობაში არ ცხოვრობენ და ნაგებობებიც ძირითადად სეზონურია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ კურორტი დაცარიელებულია. ივლისსა და აგვისტოში აქ ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოდის და დიდი შანსია, რომ ერთი-ორი დღით ჩამოსულმა ღამის გასათევი ადგილიც კი ვერ იპოვოთ. უმჯობესია თან იქონიოთ კარავი. კურორტის გადატვირთულობის მიზეზი ის არის, რომ ბევრი ქართული ოჯახი ბახმაროში დასასვნებლად შვილებს აგზავნის. ზღვის დონიდან 2000 მეტრი სიმაღლის მიუხედავად, აქ ზღვის ჰაერია და საერთოდ არ ცხელა. საიდან არის მთებში ზღვის ჰაერი? საქმე ისაა, რომ ზღვის მხრიდან ბახმარომდე არ გვხვდება არცერთი ისეთი მაღალი წერტილი, რომელიც სანაპიროდან მომავალ ჰაერის მასებს ხელს შეუშლიდა. კარგ ამინდში კი ბახმაროს დამსვენებლების წინ იშლება არაჩვეულებრივი ხედები შავი ზღვის სანაპიროზე. ძალიან ლამაზია! ასევე, ყოველი წლის 20 აგვისტოს ბახმაროში იმართება გრანდიოზული ბაზრობა და დოღი, რომელზეც საქართველოს ყველა რეგიონებიდან ჩამოდიან ადამიანები. ეს არის ნამდვილი ეთნიკური დღესასწაული! ნამდვილად ღირს ბახმაროში მოხვედრა. მაგრამ ფრთხილად იყავით, დიდი შანსია, რომ აქ კიდევ და კიდევ მოგინდებათ ჩამოსვლა.